“…და თუკი ვთანხმდებით რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო დიდი, იმდენად დიდი რომ აღუქვადი და არარსებული მცირესთვის და ამასთანავე იმდენად მცირე, რომ შეუმჩნეველი და არარსებული დიდისთვის – მაშინ ყველაფერი მარტივდება, რადგან თითქმის არაფერს აქვს მნიშვნელობა… აი როგორც ჭიანჭველა, შენ და ვარსკვლავი სახელად ანტარესი…”
ბაგრატ ყრუაშვილი
აპრილის თბილი და მზიანი დღე იყო, რაც შესაბამისად ნიშნავდა რომ სიკო დაურეკავდა მიკოს და ბაგრატას სახლის წინ, სკვერში შეხვდებოდა. მას შემდეგ რაც თითო ბოთლ ლუდს გაცვლიდნენ, დაურეკავდნენ ბაგრატას, კიდევ თითო ბოთლს გაცვლიდნენ და ბაგრატას ერთოთახიან ბინაში გააგრძელებდნენს სმას თითქმის დილამდე. უკვე მეოთხე წელი გადიოდა მას შემდეგ რაც სიკო, მიკო და ბაგრატა დაუნდობლად სვამდნენ და ხმის ჩახლეჩამდე მღეროდნენ მხოლოდ ერთ სიმღერას:
ჟილი ბილი ტრი ბრატააა
სიკო მიკო ბაგრატააა
სიკო უმერ!
მიკო უმერ!
კტო ასტალსა?! ბაგრატაა..
არცერთს ახსოვდა ვინ იმღერა პირველად, არც ის თუ რომელმა მოიფიქრა ან მოისმინა და დაამღერა ამ სამთა კრებაზე, თუმცა სამივემ და განსაკუთრებით ბაგრატამ, კარგად იცოდა რომ 3 თვის წინ, სანამ სამამულო მედიცინის წამყვანი სპეციალისტი, დასაორთქლი ბეჭდით, ბაგრატას გაფანტული სკლეროზის კარგად დაწყებულ სტადიას დაუმოწმებდა – ამ სიმღერას კი არა და საერთოდაც არ მღეროდნენ ხოლმე. ხოდა სმა დაიწყეს, აქაოდა ბაგრატამ მეო მხედველობა გამიფუჭდაო, მალე ნერვული სისტემა სულ მომეშლება და ლოგინად ჩავვარდები და ღვიძლი რაღაში მარგიაო?! სიკო კი თავის მხრივ ჩამოყალიბებული ლოთი იყო და მალავდა – მეო ფოტოგრაფი კი ვარო, თან კარგი ფოტოგრაფი ვარო, მაგრამ შემოქმედებითი კრიზისი მაქვს და მირჩევნია ისევ ალკოჰოლით გადავიაროო! მიკო კიდე ხათრიანი იყო, მაინცდამაინც არ მოსწონდა გაბმულად სმა და თავს იმართლებდა: აბაო მე თქვენს გარდა მსგავსი ახლო მეგობარი არ მყავსო, თან თქვენც ხომ ხედავთ, ბაგრატასთან ისე ცივა – ღამით რომ ვაკუებ, სუნი მზე რომ კარგად ამოვა მერე დგებაო, ხოდა თან თქვენთან ვიქნები და თან სიცივესაც ვერ ვიგრძნობო.
მოკლედ რომ ვთქვათ ბაგრატა მალე აღარ იქნებოდა. არა, შეიძლება მალე არ მომკვდარიყო მაგრამ რამდენიმე თვეში ზურგის ტვინი მოეშლებოდა და კიდურებსაც ვერ დაიმორჩლებდა, მერე თავის ტვინიც მიჰყვებოდა და ამიტომ სწრაფ–სწრაფად ავსებდა არყისა თუ ლუდის ჭიქებს, ჩქარობდა. მიკომ და სიკომ კიდევ ბაგრატას მარტო დავტოვება არ იქნებაო, თავს რამე არ აუტეხოსო. თან მათთვის ეს გადაწყვეტილება არც ჩასათრევი იყო და არც ჩასაყოლი, რომ ან ერთი ექნათ ან მეორე…
კიდევ უფრო მოკლედ რომ ითქვას, მიზეზი მიეცათ მათ გარშემო არსებული წრე–საზოგადოებისათვის არცთუ მოსაწონი გაბმული სმის წამოსაწყებად, სადაც თავფეხიანად გადაეშვნენ.
იქნებოდნენ ასე 40 –35 წლისები, არც მელოტები და არც ხუჭუჭები, არც მსუქნები და არც გამხდრები, ცოტა ჭკვიანები და უფრო ცოტა ფულიანები. მეგობრობით დიდი ხანია მეგობრობდნენ, სმით უფრო დიდი ხანია სვამდნენ.
ბაგრატას პახმელია და კუანა მიკო
ბაგრატა იმდენად პათეთიკურ–პოეტური იყო ხოლმე ნაბახუსევ დილით, რამდენადაც თავზეხელაღებულად შეეძლო დალევა.
მეგობარნო!!! – არყით გადავსებული ნათალი ღვინის ჭიქა შემართა მძინარე სიკოსა და მიკოს თავებზე – მეგობარრრნო! აი ამ საკონტროლო გასროლით ღვიძლში, რომელსაც მავანი..ანდა სულაც მომხვდური და დუშმანი “კაპიტანსკის” უწოდებს – დილა მშვიდობისას გეტყვით თქვენ! დილა მშვიდობისა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გამახსენდით, გამოძვერით ჩემი გონების იმ ბინდიდან რომელიც აწი და აწი სულ უფრო მშთანთქავს… თუ მე არ მოვუხერხე რამე… მაშ რადგანაც გამახსენდით, რადგანაც დროებით ჩამოვიფერთხე ის საბურველი რომელიც მექაჩება წასულთა საუფლოში… ანუ სადღაც ტრაკში, გეტყვით თუ ვინ ხართ, რამეთუ ვინძლო თავადაც არ გახსოვდეთ ზოგიერთი რამ!
სიკო და მიკო წამოიშმუშნენ, ჭიქები მოიმარჯვეს და მოლოდინით მიაჩერდნენ.
– აი მაგალითად შენ, მიკო! შენ ისევ ის მოუხერხებელი 9 წლის ბიჭი ხარ რომელიც ნიჩბისში იყავი! და ისევ ისეთი კუანა ხარ რაც მაშინ იყავი, ხელსაყრელ მომენტს რომ ელოდებოდი და შემდეგ სხვას აბრალებდი შენს გაფრენილ ”ჩიტებს”! არც არაფერი შეცვლილა შენში, შენი გაფუჭებული საქმეები უკვე ხმითაც იცნობა, მაგრამ ამაზე საინტერესო უფრო ის არის რომ რაც დრო გავიდა როგორღაც აჯერებ შენს თავს რომ კი არ სტყუი როდესაც ურცხვად გვაბრალებ ან მე ან დაც სიკოს.. მმ.. ესეეგი გავმეორდები და ვიტყვი – კუილს! არამედ გჯერა კიდეც რომ შენ არაფერ შუაში ხარ და შენს ირგვლივ ჰაერს ყოველთვის სხვა აფუჭებს! არა მეგობარო, ჩვენ სამში კუანა შენ ხარ! და თუ ჩვენს ჩათლახურ ქცევაზე მიდგა საქმე იცოდე რომ სწორედ შენ ხარ ყველაზე დიდი ჩათლახი ჩვენს შორის! თუ ჩვენს ლოთობაზე მიდგა – ყველაზე დიდი ლოთი შენ ხარ და თუ გაკადნიერდები და ჩვენს ლაჩრობაზე წამოგცდება რამე, გეტყვი რომ შენ ხარ ჩვენ სამში ლაჩარი და უნებისყოფო – რადგან ყოველთვის ამჩნევდი ზემოთ ჩამოთვლილს, მაგრამ სიტყვა არ დაგცდენია ამ ყველაფერზე ჩვენთან, არ გითქვამს რომ რაიმე არასწორია ან სწორია და ყველაზე ცუდი ის არის რომ შენი თავისთვისაც არ გითქვამს, რადგან რაც კი სადმე ტალახში გაგვიტოპავს.. და ბევრჯერ გაგვიტოპავს, მორჩილად, ბოჩოლასავით მოგვყვებოდი და საკუთარ თავს ემართლებოდი რაღაცეებს.
კი მაგრამ… – მიკომ თავისმართლებასავით სცადა, მაგრამ ბაგრატამ არ დააცადა – არავითარი მაგრამ მეგობარო, ამით დროებით მოვრჩით შენზე! ახლა კი რაც შეეხება სიკოს! ოო სიკო არის თუ არის! სიკო თავიდან ბოლომდე ის ამბავია მანგლისში ბავშვობისას რო გადახდა. მოხდა ისე რომ სიკოსთან ერთადაც ვისვენებდი, 11 –12 წლისები ვიყავით… საერთოდ ბავშვობიდან “ვრედნი” და “აბიჟნიკი” იყავი სიკო; სულ რაღაცის გაფუჭება გინდოდა.. ხოდა იმ დილით მოვდივარ, “რაგატკა” და წვეტიანი კენჭები მაქვს მოგროვილი და ვხედავ რო წაკუზული ხარ კაკალთან და თან ზევით იყურები. თავიდან მინდოდა ტრაკში დამემიზნებინა კაი წვეტიანი კენჭი.. მარა მერე დავინახე რო მირბიხარ კაკალთან, რაღაცას იღებ და ბრუნდები და ესე დადიხარ აქეთ–იქით და ისევ უთვალთვალებ… და აი რა აღმოჩნდა და აღმოაჩინე და შესაბამისად ამის გამო აღმოგაჩინე ვინც ხარ მხოლოდ ახლა. მისმინე მიკო! ამ ჩათლახმა კარგად იცის და შენ გასაგონად ვყვები! იცი როგორ ამტვრევს ყვავი კაკალს? არ იცი, საიდან გეცოდინება?! ხოდა მისმინე: ყვავი როდესაც იპოვნის კაკალს, აიღებს პატივცემული ნისკარტით, აფრინდება მაღლა და აგდებს ძირს, რაიმე მყარზე, დიდ ქვაზე, ასფალტზე, კლდეზე ბეტონზე ან რამე ეგეთზე… ხოდა ტყდება კაკალი და ყვავი ჩააამოფრინდება და მიირთმევს. მიხვდი ეხლა რას აკეთებდა ღრმადპატივცემული სიკო კაკლის ძირში, ჩაცუცქული და საშურდულედ გამზადებული ტრაკით? ყვავს უთვალთვალებდა, რომელიც იქვე აიღებდა კაკალს და ბეტონის ფილაზე ამტვრევდა, ეს ჩათლახი კიდე, იმის მაგივრად თითონ აეღო და ქვით დაემტვრია – ყვავს ელოდებოდა… აეგეთი იდეინნი მუქთახორა ხარ ბავშვობიდან ჩემო სიკო! მაგრამ საბოლოო ჯამში, სანამ ამ ყველაფერის აწონ–დაწონვით ვიყავი დაკავებული, სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს რომ ამ დროს თქვენ გეძინათ, მიუხედავად იმისა რომ თავს ჩემი სიცოცხლის ჩემგანვე დაცვის ფხიზელ დარაჯებად მიიჩნევთ და 4 დღეა მარტო არ მტოვებთ, მივხვდი რომ მაინც მიყვარხართ – მიუხედავად იმისა რომ დიდი ჩათლახი, კუანა და მუქთახორა რამეები ხართ! ვსვამთ ულაპარაკოდ!
დალიეს.
მანანა – ბაგრატას ტაძარი
“შენ ტაძარი ხარ ჩემი, მანანა..” – ბევრი წლის წინ ჩასჩურჩლა ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსელმა სტუდენტმა, ბაგრატამ, ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტ მანანას.
“ბაგრატ… შენი ვარ” – უპასუხა მანანამ და ჩაეხუტა. ქორწილში ბაგრატა დათვრა, მაგრამ მაინც ყოჩაღი იყო.
მერე მანანამ ხაჭაპურის ცხობა ისწავლა.
მერე მანანამ სარეცხის რეცხვა ისწავლა.
მერე მანანამ ლუდის ფასები ისწავლა.
მერე მანანამ არყის ფასები ისწავლა.
მერე მანანამ “საპახმელიო” კერძები ისწავლა.
მერე მანანამ ვალების აღება ისწავლა.
ერთხელ მანანამ ჩალურჯებული თვალის მაკიაჟი ისწავლა.
მერე მანანა წავიდა.
ბაგრატას ბოგინი!
ხდებოდა ხოლმე ისე რომ ბაგრატა ბოგინობდა, რამდენჯერმე წელიწადში – 3–4 ჯერ ალბათ. ეს საკმაოდ მკაცრად გაწერილი მოვლენა იყო მის ცხოვრებაში. ბოგინის მოახლოებას რამდენიმე დღით ადრე გრძნობდა და იწყებდა საჭირო ინვენტარისა და ინგრედიენტების მოგროვებას, რათა ბოგინი გემრიელი და დასამახსოვრებელი გამოსულიყო.
ინგრედიენტები:
ლუდი – 2ლიტრი
არაყი – 500 გრამი
პლანი/განჯა/მარიხუანა – გემოვნებით
ტაქსის ფული – 10–15 ლარი
სიკო – 1 ცალი
მიკო – 1 ცალი
ამ ყველაფერს ვყრით ერთად და მუდმივად ვურევთ.
ხოლო თავად ბოგინი თავისი არსით მეტი არაფერი იყო თუ არა ხულიგნობა, რის მაგალითადაც ქ. თბლისისის ვაკე–საბურთალოს რაიონის N2 პოლიციის განყოფილებაში არსებული დოკუმენტიც გამოდგება:
მოქალაქე ბაგრატ ყრუაშვილის
მცხოვრები ქალაქ თბილისში, XXXXXXXXXXXX ქუჩის XX ნომერში, პირადი ნომრით 01009023XXX
აღიარებითი ჩვენება
მოგახსენებთ რომ 2009 წლის 17 თებერვალს, საღმოს 9 საათზე, დავტოვე საკუთარი სახლი და გავედი გარეთ კარლ ერნესტ ფონ ბაიერის დაბადების დღის აღსანიშნავად. ვინაიდან და რადგანაც წელიწადის ამ დროს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩვეულად ცივი ამინდებია, ღლონტების მაღაზიაში შევიძინე 500 გრამი არაყი, ჯანმრთელობას რომ გავფრთხილებოდი და არ გავციებულიყავი (მიუხედავად იმისა რომ ჩემს გარშემო არსებული წრე ფიქრობს რომ ალკოდამოკიდებული ვარ, მინდა აღვნიშო რომ ეს მტკნარი სიცრუეა და მოვითხოვ რომ გათვალისწინებული იქნას საქმის მსვლელობისას). აღნიშნულმა შენაძენმა ჩემი საზეიმო განწყობა ერთი ორად გაზარდა და დავურეკე ჩემს მეგობარს, მოქალაქე სიმონ ბუცხრიკიძეს, იგივე სიკოს და საქმის ვითარება ავუხსენი. სიკო აღფრთოვანდა იდეით და საკუთარი ინიციატივით საზეიმო სუფრას 2 ლიტრი ლუდი, პაშტეტი, შავი პური და მირიან კომახიძე, იგივე მიკო შემატა.
სანამ უშუალოდ მომხდარი ინციდენტს შევეხებოდე, მინდა გამოძიების ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე რომ მე ვარ მკვლევარი და მიუხედავად იმისა რომ ვარ დროებით უმუშევარი – ეს არ უშლის ხელს ჩემს მოთხოვნილებას რომ ვიკვლიო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ მომხდარი ინციდენტი იყო მხოლოდ და მხოლოდ 10 წლის წინ ჩატარებული კვლევის გაგრძელება, იმის დასადგენად თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების ქცევა, დამოკიდებულება მოულოდნელი კონფლიქტური სიტუაციის მიმართ ურბანულ გარემოში. შესაბამისად საჭიროდ ვთვლი ორიოდ სიტყვით შევჩერდე წარსულში ჩატარებული კვლევის შინაარსსა და დეტალებზე, რათა გამოძიებამ გაითვალისწინოს 2009 წლის 17 თებერვალს მომხდარი ფაქტის მნიშვნელობა. კვლევა ემსახურებოდა საზოგადოების მენტალიტეტის განსაზღვრას და მისი წევრების უნარ–ჩვევების აღწერას კრიტიკულ სიტუაციაში, ასევე პოლიციის მიმართ სანდოობას – უშუალოდ კვლევის მეთოდი კი შემდგომში მდგომარეობდა: ათი წლის წინ, ზემოთაღნიშნული საკითხების გასარკვევად დამებადა ესეთი იდეა, ქუჩაში შემთხვევით გამვლელ 18 დან 30 წლამდე ჩემთვის სრულიად უცნობ მამაკაცებს – ანუ კვლევის ობიექტებს, რომლებიც მოძრაობდნენ ჩემი მიმართულებით, ფეხით რა თქმა უნდა, ყოველგვარი შესავლის ან სიტყვის გარეშე ვურტყამდი სახეში და ველოდი მათ რეაქციას. 10 წლის წინ ეს კვლევა ჩავატარე 15 ობიექტზე, ქ. თბილისის სხვადასხვა უბანში და შედეგი გასაოცარი მივიღე – უმრავლესობის რეაქცია იყო ერთიდაიგივე, გამოხატული მცირეოდენი ლექსიკური სხვაობით, ისიც უმნიშვნელო სხვაობით ანუ მინდა გითხრათ რომ 15 მამაკაციდან 13–მა ესეთი შნიაარსის პასუხი გამცა ფიზიკურ ძალადობაზე – “შენ ვის დაარტყი ბიჭო/იცი ვის დაარტყი/ვიზე აწიე ხელი” და ა.შ. არცერთს მოუვიდა აზრად რომ ფიზიკურ აგრესიაზე იდენტური პასუხი გაეცა, ყოველი მათგანი იწყებდა “კაჩაობას” და ე.წ. “ბაზარს” და ხაზს უსვამდა მის სტატუსს, რაც გამოიხატებოდა მონოტონურად გამეორებულ ფრაზებში “ვიზე აწიე ხელი/იცი ვინ ვარ/ვის დაარტყი?!” და ა.შ. ისინი ვერ აცნობიერებდნენ რომ ჩემთვის სულერთი იყო მათი სოციალური/ქუჩური სტატუსი და სხვა მსგავსი რამ. ღრმა ანალიზზე რომ არ შევაჩერო გამოძების მნიშვნელოვანი ყურადღება, ვიტყვი რომ ჩემდა გასაკვირად მათ ინსტინქტის დონეზეც კი არ უპასუხიათ ფიზიკური აგრესიით (13 მამაკაცს, დარჩენილი ორი საერთოდ სხვა შემთხვევაა – გაიქცნენ – თუმცა ბევრად ადეკვატური რეაქცია იყო ეს რა თქმა უნდა), არც პოლიციის დაძახება უფიქრიათ, უბრალოდ შეთანხმებულებივით იწყებდნენ “ბაზარს” სადაც თავის გამართლებას მარტივად ვახერხებდი, თითქოს შემეშალა სხვა ვიღაცაში და მათი ტერმინოლოგიით ვუხსნიდი და ასე მთავრდებოდა. ხოლო გამვლელ მოქალაქეებს ოდნავი ინტერესიც არ ეტყობოდათ, ცივად გვივლიდნენ გვერდს.
აღნიშნულ საღამოს კი, 2009 წლის 17 თებერვალს, მას შემდეგ რაც ვიმყოფებოდი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სუფრის პატივცემულ წევრებთან მომივიდა შეკამათება – შეიცვალა თუ არა ზემოთაღწერილი კვლევით გამოვლენილი მდგომარეობა და სიკოს და მიკოს დაჟინებული უარის მიუხედავად, რაც გამოწვეული იყო ჩემი სუსტი ფიზიკური მდგომარეობით (მინდა ვაცნობო გამოძიებას რომ მაქვს გაფანტული სკლეროზი), გადავწყვიტე შედარებითი ანალიზისთვის მომეპოვებინა ახალი ინფორმაცია. შედეგად გადავინაცვლე ალ. ყაზბეგის გამზირზე და პირველივე შემხვედრს დავარტყი მუშტი სახეში, ობიექტი არ დაიბნა და სწრაფადვე მიპასუხა დარტყმით, რის შედეგადაც აღოვჩნდი ძირს, გონდაკარგული. როდესაც თვალი გავახილე, დავინახე ჩემი ყოფილი მეუღლე, მანანა ჩადუნელი, რომელმაც მიზეზთა გამო მიმატოვა. მანანას დანახვისას მახსოვს გაბრუებულმა ამოვილუღლუღე “შენ ტაძარი ხარ ჩემი, მანანა..” რაზეც მანანამ მიპასუხა “შენი დედაც მ*****ნ, ბაგრატ! ჩემს ქმარს კბილი გაუტეხე! არანორმალურო!” როგორც აღმოჩნდა მან დარეკა პოლიციაში, რაც ალბათ ხვდებით რომ გაუგებრობის გამო მოხდა, რადგან მან იფიქრა რომ მიზანმიმართულად დავაპირე მისი მეუღლის გალახვა, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს ვერ შეესაბამება, რამეთუ მე არ ვიცნობ იმ პიროვნებას და უკანასკნელი 8 წელია მანანას შესახებ არ მაქვს ინფორმაცია – ვიმეორებ, ეს ინციდენტი მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ზემოთაღნიშნული კვლევისთვის.
ხოლო რაც შეეხება შარდის ანალიზში აღმოჩენილ მარიხუანას – იგი წმინდა სამედიცინო მიზნით აღმოჩნდა იქ, შარდში, რადგან ვეწევი გაფანტული სკლეროზის თვითმკურნალობას და ვითვალისწინებ დასავლურ მეთოდებს, რაც გულისხმობს მარიხუანის მოხმარებას.
გთხოვთ გულდასმით გაითვალისწინოთ აღნიშნული აღიარებითი ჩვენების შინაარსი.
ბაგრატ ყრუაშვილი
ბაგრატას ღიმილი
და აი ერთ დილას, ბაგრატას სახლში სიკო და მიკო ეზოდან შემომავალმა ჩოჩქოლმა გააღვიძა. მეც კარგად მახსოვს ეს ჩოჩქოლი, რადგან დილით მაღაზიაში გავედი პურის საყიდლად და რომ მოვბრუნდი ეზოში შეკრებილი ხალხი და სახურავზე მდგარი ბაგრატა დავინახე, რომელიც უყოყმანოდ გადმოეშვა ხელებგაშლილი.
მოგვიანებით სიკომ მომიყვა რომ დილით მისსა და მიკოს მობილურზე ერთდროულად მოვიდა ბაგრატას მესიჯი:
“tu shevvtanxmdebiT rom shesadzlebelia ertdroulad iyo didi, imdenad didi rom agukvadi da ararsebuli mcirestvis da amasTanave imdenad mcire, rom SeumCneveli da ararsebuli didistvis – mashin yvelaferi martivdeba, radgan TiTqmis arafers aqvs mniSvneloba.. ai rogorc WianWvela, shen da varskvlavi saxelad antaresi! dila mshvidobisa!”
თუმცა ყურადღება არ მიუქცევიათ… შემდეგ კი ეზოდან შემომავალი ხმაური გაიგეს, მეზობლები ყვიროდნენ “ბაგრატ რას შვები, არ გადმოხტე ბაგრატ!” როგორც სიკომ მითხრა ყველაფერი წამებში მოხდა, მიკო აივანს მივარდა და მობილურზე დაიწყო რეკვა, ხოლო თითონ კი ინსტინქტურად დაავლო ფოტოაპარატს ხელი და გარეთ გავარდა. სიკომ მხოლოდ ერთხელ თქვა რომ მოასწრო ვარდნის გადაღება და რომ სურათში ბაგრატა ირონიულად იღიმის, ოღონდ უღიმის არა აპარატს, არამედ მას, სიკოს და ეს ღიმილი ჰგავს ყვავს.
მე არასდროს მინახავს ეს სურათი და არ ვიცი როგორ უნდა გაიღიმოს ადამიანმა რომ ყვავს დაემსგავსოს, ვფიქრობ უფრო სიკო ამეტებს, თუმცა მჯერა რომ მან მართლაც მოასწრო ამ სურათის გადაღება, რადგან მახსოვს ბაგრატას გარშემო შეჯგუფებული ხალხი და რამდენიმე ნაბიჯში ცალკე მდგარი ფოტოაპარატიანი სიკო. თან ეს ამბავიც დამაჯერებლად მომიყვა სიკომ წლების შემდეგ, რამდენიმე კვირის წინ.



აუ, ძალიან დიდია, თორემ მშვენიერი რამეა.
არა უშავს პრინციპში, გამოვიზოგავ :დ
ვერ გახვედი ბოლოში? :დდ
ვერა :დ
მმ… კარგი იყო
რომ შევხედე კი ვიფიქრე, ამდენს რა წაიკითხავს-მეთქი მაგრამვერც გავიგე, ისე გავედი ბოლოში
: ) მადლობა
მშვენიერია :დ
კაი იყო
)
speqtaklivit cavida ..;) ase gaagrzele avtor
)
სგ სგ ადმინ. ტვინის კაი გასხმები იყო ასფალტზე.
მაგარი გაასწორა.
კიდე დადე ხოლმე ესეთები. ან ვარესები