დუქანში მცხეთაში

Image by WENZEL

გუშინ დილით საშინლად მომინდა ქალაქიდან გასვლა და მცხეთაში წავედი. ხდება ხოლმე როცა ერთიანად ამოგაწვება ყველაფერი ყელში: სახლი, ავტობუსი, მეტრო, სასმელი, მეგობრები, ისევ სასმელი, ტაქსი, უჟმური დილა თავისტკივილით, ოთახში გადამალული კონიაკი – საკონტროლო გასროლა ღვიძლში, რომ აზრზე მოხვიდე, დიდუბის ავტოსადგური და მერე მცხეთა ახლოა. გარემონტებული მცხეთა, ერთნაირი ფერის სახლებით, ერთნაირი ტიპის ჭიშკრებით, ერთნაირი სახურავებით, ერთნაირი ქვაფენილით და ერთნაირი მომლოცველებით, რომლებიც სვეტიცხოვლის ყოველ გოჯს კოცნიან და შუბლს ურტყავენ, სანამ რესტორანში წავლენ დასალევად. მცხეთა დაგუბებული მტკვარით და მცირე რაოდენობით უცხოელი ტურისტით.

ცოტა ვიბოდიალე, კარგია მცხეთა, მშვიდი, არ ხმაურობს, მანქანა იშვიათად გაივლის და ყველა რატომღაც ცდილობს ზედმეტი ხმა არ გამოსცეს, გარდა გალავანთან ჩამომჯდარი ფანდურიანი მოხუცისა, რომელიც გამეტებით გაჰკივის აღმოსავლურ მელოდიაზე გაუგებარ ტექსტს, რაღაცას ყვავილებზე და სამშობლოს სიყვარულზე. რა უნდა ქნა? უნდა იბოდიალო და გარემონტებული ნაწილიდან  ასიოდე მეტრის მოშორებით ცარიელ დუქანში უნდა შეხვიდე – აეგაა ჩემი მცხეთა: სარდაფი უგემოვნო კერამიკით და ღვინის სუნით, საბჭოთა დახლ–მაცივრით სადაც თითო პორცია საჭმელი დევს: მოხარშლი ბურვაკი, მწვანილის ასორტი, ყველი, სოკო, მწნილი, მოხარშული კვერცხი და ა.შ. არც ყველს, არც მჟავეს და არც არაფერს უხდება სიტყვა –ასორტი– ისე როგორც მწვანილს.

სოკო, მჟავე და ნახევარი ლიტრი რქაწითელი ავიღე, მარტო ვარ, ვჭამ და ვწრუპავ.

–        რა იყო ბიჯუ, მარტო რათა სჭამ პურს? – თავზე დამადგა 30–ს გადაცილებული, განიერი შავწარბულვაშა კაცი.

–        აეგრე გამოვიდა რა – მეტი ვერაფერი მოვიფიქრე საპასუხოდ, ან კი რა უნდა უპასუხო? ვჭამ რა, მარტო ვარ, შეაყოლე რა!

–        არ უნდა იყო აქაური აი! – აგრძელებს, ვხვდები დალევა მომიწევს ამასთან.

–        ხო, თბილისელი ვარ.

–        აბა და კარგი! არც მე ვარ აქაური, მაიტა დავჯდეთ სიტყვა ვთქვათ –  რაღაც სასიამოვნოდ, ალალად ჯმუხი კაცია, მარტოა და არ უნდა მარტო ჭამა. მომიჯდა და მოაყარა საჭმელი, მწვადიო, ხაჭაპურიო, ღვინო დოქითო, მჟავეს ჯონჯოლიც მივამატოთო, სოკო მეც მიყვარს კიდევ ავიღოთო –  გაშალა სუფრა. დარწმუნებული ვარ მე არ გადავიხდი, არ მაქვს მაგდენი. გაცნობისა დავლიეთ, მერე შობის მადლისაო, ახალი წლისაო, ოჯახებისაო და როგორც წესი და რიგია თამადობს.

ცოტა ხანში ავყევი, სიტყვა მათქმევინე მეთქი, დამთანხმდა დიდსულოვნად. შემთვრალი ვარ.

–        აემ ჭიქით მოდი მცხეთას გაუმარჯოს და მცხეთელებსაც მეთქი – ყელი მოვიღერე.

–        მცხეთას კი გაუმარჯოს მაგრამ მცხეთელებს რათა? – ცერად ამხედა.

შარია ოხერი, მე რა ვიცი რათა? დალიე რა, როგორც შობის, ახალი წლის და კიდევ ათასი სისულელის დალიე – ვფიქრობ ჩემთვის, არაფერს ვამბობ.

–        არა განარაა კაცო, მაგრამ კი ამაჯავრეს ამ მცხეთელებმა, აი გეტყვი, ცხვარი დავაყენე სექტემბერზე მცხეთაში და დავყიდე ერთ მცხეთელზე და ფული კიდე აგერ შენა ხარ და იანვარში მომცეს, ერთი საათის წინათ –  სახეზე მომაჩერდა, პასუხს ელოდება.

–        ვერ მოგსვლია კაი ამბავი მეთქი – სხვა რა მეთქვა.

–        მესამედ მომივიდა ეგ ამბავი – გაჯავრებულმა თქვა და დალია უთქმელად. მეც უთქმელად დავლიე.

მეორე დოქს რო ვცლიდით მაშინ გავიგე რო კახელი იყო, ჯუგაანიდან. საერთოდ ამ მეორე დოქიდან დაიწყო ყველაფერი. არ ვარგა მეორე დოქი, ერთი დალიე – შეირგე, წადი სახლში. ამ მეორე დოქს რო ვცლიდით მიხვდი რო მთვრალი ვიყავი და მივხვდი რო მთვრალი იყო – ბრაზობდა რაღაცეებზე: ეს მთავრობა რა მთავრობააო, ვენახი მაქვს ყურძენი კაპიკებად ძლივს გავყიდეო, ეს მცხეთელები რა ხალხიაო, მესამედ დამიგვიანეს ფულიო, ეს გოგია რა კაციაო, ცოლი დაბოზაობს აქეთ–იქითო (არ მახსოვს, მგონი მეზობელი იყო მაგისი ეგ გოგია). მოკლედ ზის, ღვინოს ხვრეპს და ჯავრობს ხმამაღლა. ამასობაში მარტონი აღარ ვართ თურმე, ორი ჩაფსკვნილი ტყავის ქურთუკიანი ზის მეზობლად, ძალოვანები არიან რა, ხო ეტყობათ ხოლმე ფორმის გარეშეც. ეს კიდე ბრაზობს, რაღაცას ამბობს, მთვრალი ვარ, ვერ ვუსმენ, ვუყურებ მხოლოდ. ხმას მოუმატა, ეს ჯუგაანელიც და მისი ხმაც მიორდება მაგრამ უკვე მესმის ისე ხმამაღლა ლაპარაკობს, მცხეთელებზე ბრაზობს – „ვინა კაცო? მცხეთელები? მაგათი გულისთვინ ცოლ–შვილს შიოდა საახალწლოდ, მაგათი დედა კი მოვტყანო!“– და ლიმონათის ბოთლი გააქანა პირდაპირ მეზობელ სუფრაზე. რატო ქნა ვერ მივხვდი.

აი აქ დაიწყო: წამოხტა ის ორი ტყავის ქურთუკიანი ჯეელი და ულაპარაკოდ სთხლიშეს სახეში, მაგიდა აყირავდა, მე ძირს აღმოვჩნდი, გადმომაგდო რომელიღაცამ, მიუხედავად იმისა რომ არც ვაპირებდი ჩხუბს, ან რისი თავი მქონდა? მაგრამ მაინც თანამონაწილე ვიყავი მათთვის და გამანეიტრალეს. წაქცეულს წიხლიც მომაყოლეს ბეჭებში და ბორკილები დამადეს. აეგრე მოვხვდი მცხეთის პოლიციის არაგამჭვირვალე შენობაში. ოთახში ჩამკეტეს, ბორკილები არ ამხსნეს. მაგიდაზე თავი დავდე და ჩემძინა. მთვრალი ვიყავი. რა თქმა უნდა არ ვიცი რამდენ ხანში, მაგრამ გამაღვიძეს. გამომძიებელი ვარო ერთმა  მითხრა. დაკითხვის შედეგად გაარკვიეს რო თედო მიზანაშვილს (ესე რქმევია იმ ჯუგაანელს) არ ვიცნობდი.  ისიც გაარკვიეს რომ თბილისში ყველაფერი უცბად ამომივიდა ყელში, რომ დილით უბედური „პახმელია“ მქონდა, რომ ოთახში გადამალული კონიაკი მივირთვი აზრზე მოსასვლელად და რომ მცხეთა ახლოს იყო. მერე ისიც მოვუყევი რომ გარემონტებულ ნაწილში ყველა ჭიშკარი, კრამიტი, ფანჯარა, ქვაფენილი ერთი ფერის არის, ისევე როგორც გასარემონტებელში ყველაფერი ნაცრისფერია და რომ ჩემთვის, რატომ არ ვიცი მაგრამ,  ნამდვილი მცხეთა ის სარდაფში არსებული დუქანია, სადაც საბჭოთა დახლ–მაცივარი, უგემოვნო კერამიკა, ულვაშებიანი დახლიდარი და  ღვინის სუნია. რატომღაც მომისმინეს, თან ჩემს საბუთებს ათვალიერებდნენ, სადაც ახალ პირადობასთან ერთად სამსახურის საშვი მიდევს, ასევე კიდევ ერთი ბარათი სადაც წერია რომ ვმუშაობ „ჩიტში“. ამხედეს, დამხედეს, გავიდნენ და სანამ კიდევ ერთხელ ჩამეძინებოდა შემოვიდნენ და გამაბუნძულეს გარეთ, წადი ბიძია სახლშიო, ამ ერთხელ გვიპატიებიაო. აღარ ვკითხე რა მაპატიეს, უცნობთან ერთად დალევა, დუქანში შესვლა თუ მცხეთაში ატეხილად წამოსვლა. წამოვედი სახლში ნაპატივები და მხოლოდ გზაში გამახსენდა თედო, რომელსაც მარტო არ უყვარს პურის ჭამა და ულვაშებიანი დახლიდარი, რომელსაც ფული ალბათ არავინ გადაუხადა.

About these ads
This entry was posted in წერილები and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to დუქანში მცხეთაში

  1. kita says:

    oqroo xar cankii, yoveltviss didi siamovnebit vstumrob shens blog:)))

  2. გიორგი says:

    კარქააა.. მამეწონა. (მაგრამ თედო შემეცოდა რა.. მგონი მოუწევს რამდენიმე ათეული ცხვრის გაყიდვა)

  3. Monkey says:

    მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი ხარ ჩემ თვალში. და მაგარია. წავედი სხვა პოსტებიც წავიკითხო.

  4. ggg says:

    გადარჩენილხარ.

  5. radiobicycle says:

    ჰაჰ, შესანიშნავია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s