შეიძლება ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მე პირადობის მოწმობა, იშვიათი გამონაკილისის გარდა, არასდროს დამაქვს თან, რადგან საკმაოდ ადვილად ვახერხებ მნიშვნელოვანი საბუთების დაკარგვას; თავის დროზე დავკარგე დაბადების მოწმობა, კეთილი მწვანე საბჭოთა დაბადების მოწმობა, მერე დავკარგე რეზერვისტის მოწმობა, გაფუჭებული ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოსურათით, დასტური იმისა რომ ვირიცხები ეროვნული გვარდიის რომელიღაც ბატალიონის რომელიღაც ასეულში. ძებნაშია ასევე ჩემი პასპორტიც, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ სახლშია, მაგრამ ვერსად ვპოულობ… შესაბამისად არ მინდა დავკარგო ეს პირადობაც და მერე ფული ვიხადო აღდგენაში.
ხოდა აი რა მოხდა; ჭავჭავაძის გამზირზე სეირნობისას გადავწყვიტე ქუჩის გადაკვეთა იქ სადაც არ არის შუქნიშანი. ამ მომენტში შემომიერთდა უცნობი გოგონაც, რომელიც ეტყობა მარტო ვერ ახერხებდა ამ დაბალი სამოქალაქო კულტურის გამომხატველი ქცევის ჩადენას. კეთილი, გადავედით, მაგრამ სად იყო და სად არა – გამოჩდა საპატრულო მანქანა და საყვირიდან მოგვიწოდა რომ შევჩერებულიყავით. შევჩერდით. ეკიპაჟი სამი წევრისგან შედგებოდა, ორი მათგანი გადმოვიდა, ულაპარაკოდ დაგვინაწილეს, “ჩესტი” აგვიღეს, გვარები ჩაიბურდღუნეს და მითხრეს რომ მე ჩავიდნიე სამართალდარღვევა, კერძოდ: “ქვეითად მოსიარულის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლიბა/საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა” (ზუსტად ესე მითხრა და ზუსტად ეს აწერია ქვითარს). რა თქმა უნდა ვხვდები რომ ჯარიმა არ ამცდება და თან იმას ვფიქრობ რომ პირადობაც არ მაქვს. მოკელედ შედგა მსგავსი დიალოგი:
პატრულ-ინსპექტორი: თქვენი საბუთები მოქალაქევ!
მე: არ მაქვს, არ დამაქვს თან…
პატრულ-ინპექტორი: რატომ მერე?
მე: რავი.. არ დამაქვს ხოლმე…
პატრულ-ინსპექტორი: სახელი, გვარი, მამის სახელი მითხარი!
მეც წავუბურდღუნე და საჭესთან მჯდომმა პატრულმა ჩემი მონაცემების ძებნა დაიწყო კომპიუტერში. ამან კი განაგრძო დაკითხვა და აი რა მკითხა:
პატრულ-ინსპექტორი: რომელიმე პარტიის წევრი ხომ არ ხართ?
მე: ბატონო?
პატრულ-ინსპექტორი: რომელიმე პარტიის წევრი ხომ არ ხართ?!
მე: არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას?
პატრულ-ინსპექტორი: დიდი მნიშვნელობა აქვს!
მე (დაბენული): როგორ.. რატომ?
პატრულ-ინსპექტორი: ოოო კაი ეხლა არ გინდა… სწავლობ?
მე: კი, თსუ-ში
პატრულ-ინსპექტორი: ძალიან კარგი..
და მივიდა მანქანასთან ჩემი მონაცემების სანახავად/დასაზუსტებლად… მე კი ამ დროს ჩემი “თანამზრახველი” გოგონასა და სამართალდამცველის დიალოგს დავუგდე ყური და აღმოჩნდა რომ გოგონა მუშაობდა აეროპორტში, რისი დამადასტურებელი მოწმობაც ხელში ეჭირა აღნიშნულ პატრულს და მეტად ფამილარულად საუბრობდნენ და საერთო ნაცნობებს იხსენებდნენ… მოკლედ ეტყობოდა რომ გოგონა არ დაჯარიმდებოდა… ამასობაში ჩემი მონაცემებიც გაარკვეს და ქვითარი მომართვეს, ამიხსნეს რომ თუ ამ სამლარიან ჯარიმას ერთ თვეში არ გადავიხდიდი გაიზრდებოდა. ამის შემდეგ გამომემშვიდობა და ჩემს აეროპორტის მუშაკ თანამზრახველთან მივიდა… მე კიდევ ერთხელ ვცადე გამერკვია თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ვიყავი თუ არა პარტიის წევრი და მანქანაში მჯდომს ვკითხე, რატომ დაინტერესდით ჩემი პარტიულობით მეთქი… იმან კიდე ისაო ესაო, ვინ გკითხა კაცოო? გავახსენე ვინც… ხოდა.. ესაო ისაო, აბა პირადობა რო არ გაქვს ხო უნდა გავიგოთ ვინ ხარო?! მოკლედ წადი თავი დაგვანებეო… და წამოვედი ყურებჩამოყრილი, 3 ლარით დაჯარიმებული და დაინტერესებული, რომ მეთქვა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას შეფარებული, ქვეყნის საკეთილდღეო იდეებით აღჭურვილი მავანი ვარ მეთქი რა მოხდებოდა? არ დამაჯარიმებდნენ? თუ უფრო დამაჯარიმებდნენ? ან ხელისუფლების ძირგამომთხრელი ოპოზიციის წევრი, ან სულაც შეფიცულთა რაზმის ყველაზე მეტად შეფიცული გიჟი-გადარეული ვარ მეთქი, მაშინ? რეავიცი რეავიცი…
