ზოგადად სტუდენტური პროტესტი საინტერესო მოვლენაა, იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სწავლის გადასახადის ზრდით, უფლებების შეზღუდვით, პროდუქტზე ფასების ზრდით, მარიხუანას ლეგალიზაციის სურვილით ან ასე შემდეგ, თუმცა ყოველთვის ახალი იდეებით, კრიტიკული ხედვითა და მოძველებულის მსხვრევის სურვილითაა აღჭურვილი. პროტესტი ყველას და ყველაფერს! შეამტვრიე კარი თუკი არ გიღებენ! ეს არის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იმ სტუდენტური აქციებისა რომელსაც არაერთხელ დავკვირვებივართ ტელევიზორიდან თუ ინტერნეტით. მაგრამ თუ მიგიქცევიათ ყურადღება მათი ლოზუნგებისა და ტრანსფარანტებისთვის?! ვფიქრობ სწორედ აქ ჩანს მთელი იმ აურზაურის სული რაც ქუჩებში და სტუდენტის თავში ტრიალებს ამ დროს.
და რატომ გამახსენდა ეს. ამ დღეებში თსუ-ში მომხდარმა მოვლენებმა, რაც გამოიწვია სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის “თარგმნეს” სამართლიანმა და მშვიდობიანმა აქტიურობამ და თვითმმართველობის წევრების, მსუბუქად რომ ვთქვათ აგრესიულმა რეაქციამ (არ დავწერ დაწვრილებით, მითუმეტეს რომ უამრავი დაიწერა და შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა ბლოგებიდან) მოახდინა საკმაოდ საინტერესო პროცესის ინიცირება – სტუდენტები შეიკრიბნენ მეორე კორპუსის წინ, თავიანთი უფლებების დასაცავად… რაც საჭიროების მიუხედავად იშვიათია ქართულ რეალობაში. სამწუხაროდ ხალხი იმაზე ნაკლები მივიდა ვიდრე facebook-ზე “დააეთენდეს”… და აქციაც ცოტა უფრო ორგანიზებული რომ ყოფილიყო… უკეთესი იქნებოდა… მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია რომ ფაქტი შედგა, სტუდენტებმა ხმა ამოიღეს და საკუთარი უფლებების დასაცავად გააქტიურდნენ! ეს უდავოდ კარგი და მისასალმებელია. იმედი მაქვს ეს არ იქნება ერთჯერადი და შედეგს გამოიღებს…
ხო, და რაზე ვწერდი და სად წავედი, მინდა შესადარებლად განახოთ 68 წლის მაისის ფრანგული სტუდენტური აქციების ტრანსფარანტები/ლოზუნგები და დღევანდელი ქართველი სტუდენტების მოთხოვნები… არ ვიცი ვინ რა დასკვნას გააკეთებს, ვინ რას დაინახავს, უბრალოდ ვთვლი რომ საინტერესოა, რადგან კარგად შეგვიძლია დავინახოთ XX საუკუნის სამოციანი წლების სტუდენტური აზროვნება, ცხოვრების წესი და რაც მთავარია პროტესტის საფუძველი და XXI საუკუნის ქართველი სტუდენტების პრობლემა და პროტესტის საფუძველი… თუ დაგაინტერესებთ დანარჩენი თქვენ იფიქრეთ…
და რაც მთავარია, 68 წლის მაისში საფრანგეთში სტუდენტება მიაღწიეს საწადელს და მოახდინეს რევოლუცია, რამაც დიდი გავლენა იქონია შემდგომ ფრანგულ კულტურაზე.
მაშ ასე, ფრანგები:
“იყავით რეალისტები, მოითხოვეთ შეუძლებელი!”
“არ გვინდა ვცხოვრობდეთ ქვეყანაში სადაც დარწმუნებულები ვართ რომ არ მოვკვდებით შიმშილით, მაგრამ საპასუხოდ დარწმუნებულები ვართ რომ მოვკვდებით მოწყენილობით!”
“ისინი ვინც სანახევროდ აკეთებენ რევოლუციას საკუთარ სამარეს თხრიან.”
“იყავი ახალგაზრდა და მოკეტე!”
“1936 წლიდან ხელფასის გაზრდისთვის ვიბრძოდი. მანამდე მამაჩემი იბრძოდა იმავესთვის. ახლა კი მაქვს ტელევიზორი, მაცივარი, “ფოლკსვაგენი”, თუმცა მთელი ცხოვრება მაინც ბრიყვივით გავატარე. არ ივაჭროთ ბოსებთან! მოსპეთ ისინი!”
“შენ სჭირდები შეფს – ის კი არ გჭირდება შენ!”
“მუშა! – შენ 25 წლის ხარ, შენი პროფკავშირი კი წინა საუკუნისაა!”
“შენი ბედნიერება იყიდეს! მოიპარე იგი!”
“არა ღმერთი! არა ბატონი!”
“ვიყოთ სასტიკები!”
“იცხოვრე, არ დაკარგო დრო სამსახურზე, იბედნიერე დაუბრკოლებლად!”
“აკრძალვა აკრძალულია!”
“საზოგადოებაში რომელმაც აკრძალა ყველანაირი თავგადასავალი – ერთადერთი თავგადასავალი საზოგადოების აკრძალვაა!”
“კაცობრიობის გათავისუფლება საყოველთაო უნდა იყოს! წიანაღმდეგ შემთხვევაში იგი არ იქნება!”
“რევოლუცია წარმოუდგენელია (დაუჯერებელია) რადგან იგი ჭეშმარიტია!”
“მოვედი! ვნახე! დავიჯერე!”
“გაიქეცი მეგობარო! შენს უკან ძველი სამყაროა!”
“ერთი ურევოლუციო უიკ-ენდი უფრო სისხლიანია ვიდრე ერთთვიანი პერმანენტული რევოლუცია!”
“ბედნიერება – ეს ახალი იდეაა!”
“კულტურა ეს შეტრიალებული ცხოვრებაა!”
“პოეზია ქუჩებში!”
“ხელოვნება მოკვდა, ნუ შეჭამთ მის გვამს!”
“ალკოჰოლი კლავს! მიიღეთ L.S.D!”
“აღსდექით უნივერსიტეტის დაწყევლილებო!”
“სექსი: ეს კარგია, ამბობს მაო – ოღონდ არა ხშირი!” (პაროდია მაო-ზე)
“მე შენ მიყვარხარ! ოჰ, მითხარი ეს ქვებით ხელში!” )))
“ამხანაგებო! სიყვარულით არა მარტო მინდორში, პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაშიც შეიძლება დავკავდეთ!”
“სიკვდილი ძროხებს!” (იგულისხმება ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელბი, “მენტები”/”ძაღლები”)
“პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, გაერთეთ!”
“რეკს მაღვიძარა! პირველი დამცირება დღის განმავლობაში!”
“წარმოიდგინე ომი რომელშიც არავინ წავიდა!”
“თუკი ღმერთი იარსებებდა აუცილებელი იქნებოდა მისი განადგურებაც!”
“ბარიკადები კეტავენ ქუჩებს, მაგრამ ხსნიან გზას!”
ქართველი სტუდენტების მოთხოვნები/ტრანსფარანტები:
“გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ… ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ… კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი რომ ხმა ამოეღო…” მარტინ ნომიოლერი
“იყავი სტუდენტი და მოკეტე!”
“მეც სტუდენტი ვარ, დამარტყი! ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. კონსტიტუციის 24-ე მუხლი”
“კრიტიკა უზრდელობა არ არის “
“უნდობლობა თვითმარქვია თვითმმართველობას”
მოგვიანებით ორი უცხოელი სტუდენტი გამოჩნდა, მოწოდებით:
“BOOKS NOT BOMBS”
“SOLIDARITY WITH GEORGIAN STUDENTS”
_________________________________________
არანაირი დასკვნის ან ანალიზის გაკეთებას არ ვაპირებ, ისიც არ ვიცი რატომ ავირჩიე შესადარებლად ფრანგული სტუდენტური პროტესტი… შეიძება იმიტომ რომ ჩემთვის ასოცირდება ახალგაზრდების წარამტებასთან, მოძველებულის უკომპრომისო მსხვრევასთან, თავისუფლებასთან … არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ის რაც დღეს მოხდა კარგია, აუცილებელია და საჭიროა, თანაც სასურველია მეტი ხალხით, მეტი შემოქმედებითი მიდგომით, მეტი პერფორმანსით და მეტი გამბედაობით.

აშკარად ძალიან მორიდებულები და ზრდილობიანები ვართ ფრანგებთან შედარებით
კი, ზედმეტად : ))
მორიდებულები თუ დაშინებულები?
რეავიცი რეავიცი… : )
კარგია!
რა თქმა უნდა, ფრიად უსიამოვნო ფაქტი დაედო საფუძვლად ქართულ სტუდენტურ პროტესტს, მაგრამ სასიამოვნოა ის, რომ სტუდენტებმა პირველად ამდენი ხნის მანძილზე გამოხატეს პროტესტი საკუთარი უფლებების დასაცავად.